ქართული ოცნების გენერალური მდივანი და თბილისის მერი კახა კალაძე ბრიტანული გამოცემა Sky News-ის კვლევას, რომელიც სანქციებისთვის გვერდის ავლას ეხება "ბლეფს და სისულელეს" უწოდებს.
დღეს Sky News-მა ოფიციალური საბაჟო სტატისტიკის დეტალური კვლევა გამოაქვეყნა, რომლის თანახმადაც სანქციების მიუხედავად, რუსეთი ბრიტანეთიდან საქონლის მიღებას აგრძელებს, მათ შორის ყოფილი საბჭოთა რესპუბლიკების გავლით. რეპორტაჟში საქართველოც არის ნახსენები.
კალაძე ირწმუნება, რომ რეალურად, "საქართველოს გამოყენებით სანქციებისთვის გვერდის ავლა არ ხდება და ასეთი ფაქტები არ არსებობს".
"არის რაიმე კონკრეტიკა, ფაქტი? შესაბამისად, ეს არის ბლეფი, სისულელე. ჩვენ არაერთი განცხადებები მოგვისმენია ამასთან დაკავშირებით, თუმცა რეალობა აბსოლუტურად განსხვავებულია. მე მახსოვს, როდესაც ამერიკიდან ჩამოსულები იყვნენ და მუშაობდნენ ამ მიმართულებით, საქართველოს ხელისუფლებამ მადლობებიც მიიღო ამ მიმართულებით, იმიტომ რომ რეალობა არის ის, რომ საქართველოს გამოყენებით არ ხდება სანქციებისთვის გვერდის ავლა - არ არსებობს ასეთი ფაქტები, პირიქით, ჩვენ ვთანამშრომლობთ, მხარდაჭერას ვუცხადებთ ამ მიმართულებით ჩვენს პარტნიორ ქვეყნებს და ეს გაგრძელდება მომავალშიც", - ამბობს კალაძე.
Sky News-ის ანალიზის მიხედვით, მიუხედავად იმისა, რომ ბრიტანეთიდან რუსეთში ექსპორტი სანქციების დაწესების შემდეგ მკვეთრად შემცირდა, ექსპორტი გაერთიანებული სამეფოდან ყოფილ საბჭოთა ქვეყნების ჯგუფში - უზბეკეთიდან საქართველომდე, უპრეცედენტო ტემპით გაიზარდა.
"დიდი მოცულობის "ორმაგი დანიშნულების" ბრიტანული საქონელი კვლავ პოულობს გზას მოსკოვისკენ. ის იგზავნება კავკასიისა და ცენტრალური აზიის ქვეყნებში, საიდანაც ისინი რუსეთში გადააქვთ", - აცხადებს Sky News-ი.
ტელეკომპანიის ცნობით, ბრიტანეთიდან ყირგიზეთში ექსპორტი დაახლოებით 1 100% გაიზარდა. 2022 წლის შემდეგ ეს მაჩვენებელი მკვეთრად გაზრდილია სომხეთშიც.
"ბრიტანული საქონლის ექსპორტი კავკასიის და ცენტრალური აზიის 4 ქვეყანაში, ომის დაწყების შემდეგ 500%-ზე მეტით გაიზარდა", - აცხადებენ კვლევის ავტორები. საუბარია დრონებისა და ვერტმფრენის ნაწილებზე, სანავიგაციო და სხვა სახის აღჭურვილობასა და ტექნიკაზე.
კავკასიისა და ცენტრალური აზიის ამ 4 ქვეყანაში გაგზავნილი საქონლის ყველაზე დიდი კატეგორია იყო "თვითმფრინავების, შვეულმფრენების ან უპილოტო თვითმფრინავების ნაწილები".